logo
ENG



ხაზარაძე: თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება

31 აგვ 202316:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/be2o0zv8311mydj.jpg

ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციას რუსული ხელისუფლება არღვევს.

"საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს). თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს! ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია!", - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილ შეხვედრებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი "უხეშად არღვევს" კონსტიტუციას, რასაც "შესაბამისი რეაგირება სჭირდება".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა