logo
ENG



ხაზარაძე: თუ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია

01 ოქტ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. ეს მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"მე არ ვიცი ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, მეც როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება,რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შსს, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია", - ამბობს ხაზარაძე.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.

"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.

მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს​, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს.  ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.

ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ გავრცელებული მიმართვა fake ვიდეოა და ის საქართველოში არ იმყოფება.


close დახურვა