პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ლელო - საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკება არ დაუსრულებია. მისი თქმით, "არის საკითხები, რაზეც უნდა ისაუბრონ".
ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად "სრულ მობილიზაციას" გააკეთებენ.
"კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის საკითხები და ეს საკითხები არ არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ.
რა თქმა უნდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე", - თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მას ადრე ჰქონდა დაპირისპირება გახარიასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, თუმცა ამჟამად შეთანხმდნენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს "ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით".
"რა თქმა უნდა, დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს არის ანაკლია - უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით, რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს საკითხი. ეს არის ქვეყნის პროექტი და ვნახეთ, რომ 5 წელია ეს პროექტი გაჩერებულია, ამიტომ, თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუ სხვა საკითხებს გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, ანაკლიის საკითხს, იგივე სხვა ამბავს - ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა ეს საკითხი უნდა იქნას გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, ეს 20 ივნისი იქნება თუ იგივე სხვა საკითხი", - თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ყველაფერი პიროვნული უნდა გადაიდოს გვერდზე და სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ადამიანებთან, ვისთანაც გაურკვევლობა თუ კონფლიქტი არსებობდა".
ჩვენ ზუსტად 1 თვეში გველოდება შემდეგი სურათი, სადაც კოკოითი უკვე ითხოვს ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის ფონზე, როცა მან განაცხადა, რომ ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოკუპანტებს, მოვისმინეთ უკვე ოსური მხარის განცხადება, სადაც ისინი ითხოვენ საქართველოს მხრიდან ჩვენი სამაჩაბლოს აღიარებას, ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც არ უნდა იყოს მძიმე იყოს ეს ყველაფერი.
თქვენ დაინახეთ, რომ მე, ჩემს გუნდს ეს შეუძლია, ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც ჩვენ გაურკვევლობა ან რაღაც კონფლიქტი გვქონდა, ერთი მიზნის გამო, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის თავისუფალი არჩევანი, ამიტომ, რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რაც არ უნდა თქვათ, რომ რამდენად სწორია ამასთან თუ იმასთან ხელის ჩამორთმევა, ერთი რამ ვიცი, როგორც თავისუფალმა ადამიანმა - ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, ვინც ახლა გვისმენს, იცხოვრონ 26 ოქტომბრის მერე თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად,რომ ვიყოთ დაცულები, სტაბილური მშვიდობის გარანტორები, ვიყოთ პარტნიორებთან და არ ვიყოთ იმ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რომელიც მე ნანახი მაქვს.
ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე არ ჰქონია, ამიტომ, მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ", - თქვა ხაზარაძემ.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია.