პარტია ლელო-საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე პარლამენტის მიერ 51 ოპოზიციური პარტიის დეპუტატისთვის მანდატების არშეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან ყველაზე რეალისტური გამოსავალია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არ შესრულდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და ქართულ ოცნებას მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე და შექმნილ კრიზისზე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე.
"პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ლელო და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას. ლელოს აზრით ყველაზე რეალისტურ გამოსავალად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით. 2022 წელი იმიტომ , რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება", - წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში.
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრამდე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ამასთან, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.