logo
ENG



ხაზარაძე: ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დავუჭერთ

12 ოქტ 202122:40
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დავუჭერთ

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ მისი დამოკიდებულებისა, ცაგერში მისი პარტიის მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს ლელო მხარს დაუჭერს. 

ფორმულას ეთერში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიას მიმართ მას ბევრი კითხვა აქვს, როგორც მოქალაქეს, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით. გახარიას და ხაზარაძეს შორის არსებობს მუქარის წერილიც, რომელიც, ლელოს ლიდერის თქმით, მაშინდელი პრემიერისგან მიიღო, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს. 

"ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა, ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანო

ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ". - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ცაგერის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურში ქართული ოცნების კანდიდატს გახარიას პარტიის წევრი, ბესარიონ ბენდელიანი უპირისპირდება. მან ხმების 35% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა, გიორგი ნემსაძემ კი 49.34%. 

ბესარიონ ბენდელიანს 25 სექტემბრის დილას მანქანა დაცხრილული დახვდა. მან ეს ფაქტი პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირდა. 

რაც შეეხება მუქარას - 2019 წლის 4 მარტს ხაზარაძემ გაავრცელა მუქარის შემცველი წერილი, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. 2021 წლის 3 ივნისს ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ გახარიამ ხაზარაძისთვის გადასაცემი წერილი მას გაატანა

ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა. 

ხაზარაძის თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.

როგორც ის ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორები მის წინააღმდეგ ყველა საშუალების გამოყენებით ემუქრებოდნენ.

წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.


close დახურვა