ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.
მან ბრიფინგზე თქვა, რომ ლელო აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ურთიერთთავდაუსხმელობისკენ.
ხაზარაძის თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.
პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ამ პროცესს აპროტესტებდნენ.
"ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.
ჩვენ, ლელო მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.
ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა"- განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ლელო მზადაა დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზადაა მონაწილეობა მიიღოს ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში.
"ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ. წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე"- თქვა ხაზარაძემ.