პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 2020-2023 წლების ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იგივე შეცდომებია დაშვებული, რაც მიმდინარე წელს იყო. მთავარი მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვა არის იმის მიზეზი, რომ ლარი უფასურდება და შესაბამისად ფასებიც იზრდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ხალხის ფულის ასე უყაირათო ხარჯვა და ფლანგვა არის იმის მიზეზი, რომ ლარი უფასურდება ეს თავისთავად იწვევს ფასების ზრდას, საბოლოო ჯამში სწორედ ესეთი ბიუჯეტი არის ჩვენი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ყოფის წყარო“, -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის ბრალია, რომ ლარი არის დევალირებული და არასტაბილური.
„მთავრობიდან დაბრუნდა ეს ბიუჯეტი აბსოლიტურად არაფერი შესრულდა არის ისეთივე ცუდი რაც იყო, ბიუჯეტი სადაც უზარმაზარი საშინაო ვალები არის აღებული იმ ხარჯების დასაფარად, რომელიც როგორც წესი უშედეგოა ეს ბიუჯეტი არის დამნაშავე, თუ შეიძლება დამნაშავე უწოდო ბიუჯეტს, იმაში რომ დღეს ფასები იზრდება და ლარი არის ფაქტობრივად დევალირებული და არასტაბილური“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე კი მთავრობის მხრიდან ფარულად მოსყიდვის ნიშნებსაც ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ უნდა ერიდოს.
„ყველა უწყებაში იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები, გაფორმებული თანამშრომლების რიცხოვნობა იზრდება და მათზე გამოყოფილი თანხები იზრდება, ეს ფაქტობრივად ფარულად მოსყიდვის ნიშნებიც არის. განსაკუთრებით საარჩევნო წელი რომ მოდის ამას უნდა მოერიდოს ხელისუფლება, თორე მეტი მი არაფერი არ არის არჩევნების მოსყიდვა და არჩევნების გაყალბება. მარტო ის, რომ რაღაცა შემოსავლებს დაამატებენ ხარჯვით ნაწილს და იქ ბალანსს დაჭერა ეს არ არის ბიუჯეტი, ბიუჯეტი უნდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.