ხარკივის ოლქის ზოლოჩევსკის რაიონში პოლიციელებმა 6 რუსი სამხედროს ცხედრის ექსჰუმაცია განახორციელეს, საიდანაც ერთ-ერთი პოდპოლკოვნიკი ვიტალი გერასიმოვია.
ხარკივის ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილის სერგეი ბოლვინოვის განცხადებით, ცხედრების ექსჰუმაცია მოხდა, რათა ისინი შესაბამისი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში რუსულ მხარეს გადასცენ.
"ზოლოჩევსკის რაიონში რუსი სამხედროების სამარხებია. მივიღეთ შეტყობინება, რომ სამარხები სხვადასხვა ქუჩებზე იპოვეს, სადაც მხოლოდ ხელნაკეთი ხის ჯვრები იყო დადგმული. მოგვიწია ამ საფლავების ამოთხრა, რათა დაგვედგინა დაღუპულების ვინაობა და განგვეხორციელებინა ცხედრების შემდგომი გადაცემა. რუსები არ არიან დაინტერესებული გარდაცვლილების ცხედრების წაღებით. სულ 6 ცხედარი ვიპოვეთ რუსეთის ფედერაციის ფორმაში ჩაცმული, ერთ-ერთი მათგანი პოდპოლკოვნიკი ვიტალი გერასიმოვია", - ამბობს ის.
ბოლვინოვის თქმით, ადგილობრივებმა რუსები დაასაფლავეს და თქვეს, რომ ეს "ქრისტიანული ნაბიჯია".
7 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივთან რუსი გენერალ-მაიორის ვიტალი გერასიმოვის ლიკვიდაცია მოახდინეს. რუსული მხარე ინფორმაციას უარყოფდა.