ხარკივში, ბოროვის რაიონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს. ინფორმაციას ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
პოლიციაში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათი ნაწილი სამხედროები არიან, ნაწილი კი მშვიდობიანი მოსახლეობა.
მასობრივი საფლავი ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს.
"მოსახლეობა ჰყვება, რომ ოკუპანტები ცხედრებს მთელ რაიონში აგროვებდნენ. 13 აპრილს ორი სატვირთო მანქანით მოიყვანეს, ამოთხარეს დიდი ორმო და ყველა ცხედარი იქ ჩააგდეს. შემდეგ დასაფლავის ადგილი, ტანკებით მიწასთან გაასწორეს", - ჰყვებიან ადგილობრივები.
ცხედრების ექსჰუმაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, რის შემდეგაც მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
მანამდე, 6 ოქტომბერს ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.