ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ საქართველო ბელარუსის მხრიდან "მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას" არასდროს შეეგუება.
მისი თქმით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამართლება არ აქვს.
"ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამას გამართლება არ აქვს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან", - თქვა ხელაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.
სამინისტროს განცხადებით, საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.