logo
ENG



ხელებით აწვებოდნენ მხრებზე, მეორე თავს უღუნავდა ​- პოლიციას მოზარდზე ძალადობას ედავებიან

27 ივნ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

18 ივნისს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში 16 წლის მოზარდი კრიმინალური პოლიციის სამმა თანამშრომელმა გააჩერა. პოლიციელებმა მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ბავშვმა უთხრა, რომ ის არასრულწლოვანი იყო და შესაბამისად, დოკუმენტაცია არ ჰქონდა. ამის შემდეგ პოლიციამ გადაწყვიტა მოზარდისთვის ტელეფონით სურათები გადაეღო, რასაც 16 წლის ბიჭი შეეწინააღმდეგა.

ამის შემდეგ ოჯახმა იჩივლა. განცხადება დაწერეს ყველა უწყებაში, რომელსაც  პოლიციის მსგავსი ქმედებების კონტროლი და შემდეგ შესაბამისი რეაგირება ევალება. გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა დაიწყო ახალი შეტევა მოზარდის მისამართით, ოჯახს უბნის ე.წ. ძველი ბიჭები და ქურდული მენტალობის გაგების ადამიანები მიუგზავნეს, რომ დაშინების ხარჯზე საჩივარი გამოეტანათ. პოლიციამ დაიწყო იმ ადგილზე, სადაც მოზარდის დაკავებას  ცდილობდნენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაქრობა. დაიწყეს მოწმეებზე ზეწოლა, რომ მათ არ მოყვნენ ის, რაც ნახეს. ძალოვანი უწყების მსგავსი ქმედებები, რაც არაერთია - კიდევ უფრო აღრმავებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფში - არასრულწლოვნებში დაუცველობისა და უნდობლობის  განცდას. 

"შევთანხმდი ჩემს შვილთან რომ უნდა გამოსულიყო და დამხმარებოდა ტვირთის წამოღებაში. სანამ ჩემთან მოვიდოდა იმ გზაზე გააჩერეს პოლიციელებმა, ჯერ მანქანიდან თვალი გააყოლეს და გაჩერდიო, უთხრეს. გააჩერეს და შეკითხვების დასმა ისე დაუწყეს, რომ მისთვის ვინაობაც არ წარუდგენიათ. მოსთხოვეს პირადობის მოწმობა, და მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ არასრულწლოვანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული საერთოდ არ ჰქონდა, მისთვის ფოტოს გადაღება დააპირეს. მთავარი ამბავიც სწორედ აქედან იწყება.
ბავშვმა უთხრა, მე მჭირდება დოკუმენტი, რის საფუძველზეც გაქვთ უფლება, რომ ფოტო გადამიღოთ. ამ დროს მეორე პოლიციელი ჩაერთო და კიდევ გაქვს რაიმე შეკითხვებიო? ძალიან გაღიზიანებულმა უთხრა. ბავშვმა უთხრა, დამაცადე ვესაუბრებიო. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, განყოფილებაში უნდა წამოგვყვეო. ჩაჭიდეს მკლავებში ხელი და ჩასვეს მანქანაში. ერთ-ერთი პოლიციელი დააჯდა ფეხებზე, მეორემ ვერ მოასწრო მეორე მხრიდან მოსვლა, იმიტომ რომ ეს ძალიან შეეწინააღმდეგა და უკვე ხალხმაც, მოვაჭრეებმაც დაინახეს, რაც ხდებოდა, მანქანის გარშემო ბევრი ხალხი შეიკრიბა და ერთი სიტყვით ამ ხალხმა უშველა. ხელებით აწვებოდნენ მხრებზე, მეორე თავს უღუნავდა, რომ ჩაეტენა მანქანაში. როგორც კი უთხრეს, რომ განყოფილებაში გადაგიყვანთო, ბავშვმა უთხრა დედაჩემიც აქვეაო, დავურეკავ, 5 წუთში იქნება აქ, დავურეკავ და ერთად გადავწყვიტოთო, მაგრამ არც ეს გაითვალისწინეს, რომ თუ საჭირო იყო, ჩემთან ერთად მაინც წაეყვანათ. მანქანაში მეორედ ჩასმის დროს ისე აწვებოდნენ, რომ ბავშვმა უთხრა, ვერ ვსუნთქავო და არც ამას მიაქციეს ყურადღება. ვიღაცამ დაიძახა კიდეც, რას აკეთებთ, სასწრაფოს გამოუძახეთო", - ჰყვება დედა "შაბათის ფორმულაში". 

16 წლის მოზარდი, შემოხეული მაისურითა და დამტვრეული ტელეფონით, სიტუაციას სამარშრუტო ტაქსის ნაცნობმა მძღოლმა გაარიდა და სახლამდეც მან მიიყვანა. 

ეს ინციდენტი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა და მას რამდენიმე ათეული თვითმხილველი ჰყავს. ზოგიერთმა მათგანმა ვიდეოს გადაღებაც შეძლო. თუმცა ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაცია, დეტალებს განგებ არ ამხელენ, რადგან პოლიცია მოწმეებზე ზემოქმედებას ამ დრომდე ცდილობს. 

მომხდარის შემდეგ ოჯახმა საქმეში ომბუდსმენი, გენერალური ინსპექცია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა ჩართო. თუმცა, გამოძიება ამ დრომდე არცერთ უწყებას არ დაუწყია. არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. 


close დახურვა