ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოს მეთაურებს მოუწოდებს, სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვას თუ რითი შეძლებენ სახლში დარჩენილი ოჯახები გამოკვებას. საქართველოს ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა კი საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლიდან მეათე დღესაც არ აქვს და სწრაფი ტესტების მსგავსად, ისიც არ ვიცით, როდის ექნება.
ვითარება დამძიმდა ბიზნესისთვის, დასაქმებულისა და დამსაქმებლისთვის, გაზრდილი ფასები კი სახლში დარჩენილ მოსახლეობას ყოველდღიური საკვების შეძენის საშუალებას უმცირებს. გადასახადების გადავადებისა თუ საპენსიო შენატანების დაბრუნების შესახებ ოპონენტების ინიციატივის მოსმენა მთავრობას არ სურს და პოსტკრიზისული ეკონომიკის გადასარჩენ გეგმაზე ჯერ კიდევ ფიქრობს.
მოქალაქეები რომლებიც იძულებული არიან სახლში დარჩნენ, ამბობენ, რომ ყოველდღიური გადარჩენისთვის უწევთ ზრუნვა. გაურთულდათ კომუნალური გადასახადების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულება, აწუხებთ პროდუქტის გაზრდილი ფასებიც. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
შეღავათებს ითხოვს ბიზნესიც. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც აქტიურად მუშაობენ, დახმარების გარეშე პოზიტიური პროგნოზს ვერც დისტრიბუტორები აკეთებენ. გაუფასურებული ლარის გამო, ფინანსური ვალდებულებების შესრულება უჭირთ, ეს კი მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე აყენებთ. გამოსავალს დისტრიბუტორები გადასახადების შემსუბუქებაში ხედავენ.