„ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები", - ამ განცხადების შემდეგ თეა წულუკიანს აღარ განუმარტავს რა იგულისხმა რეგულაციებში. არც ის უთქვამს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება კერძო სკოლებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. დეტალები ერთ კვირაში გასაჯაროვდება. იქამდე კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავრობა კერძო სკოლების საქმიანობაში მანდატურის სახით ჩაერევა.
კერძო სკოლის დირექტორები, რომლებმაც "ფორმულა" ესაუბრა, წულუკიანის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ. ერთ-ერთი ვინც, კამერების წინ ისაუბრა "ნიუტონის" თავისუფალი სკოლის დირექტორია. გიორგი მელაძის განმარტებით, კერძო სკოლაზე ისედაც ბევრი რეგულაცია ვრცელდება, მათ შორის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები, მასწავლებლების აყვანის და სახელმძღვანელოების შერჩევის წესი. ის მთავრობას პრობლემის სხვაგან ძებნას ურჩევს.
განათლების ექსპერტები რეგულაციებში დამატებით საფრთხეს ხედავენ. ისინი ხელისუფლებას სისტემური რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებენ და მეტალოდეტექტორებისგან თავისუფალი გარემოს უპირატესობაზე საუბრობენ.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა სკოლისკენ გადააქვს და ამით მთავარი დამნაშავის- სისტემის დაცვას ცდილობს. ისინი იხსენებენ ხორავას ქუჩის ტრაგედიას, როგორც მაგალითს, რომ საჯარო სკოლების პრაქტიკა წარუმატებელია.
კერძო სკოლების რეგულირების საკითხი პრემიერმა უწყებათაშორის კომისიას ჩააბარა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მთავრობა ისევ ამტკიცებს, რომ კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, ისევე როგორც ამას ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდა.