„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შინაარსი გასაჯაროვდა.
დოკუმენტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილი ეხება საარჩევნო მოდელს, რომლის თანახმადაც, მომდევნო პარლამენტში მანდატები 120/30-ზე განაწილდება - 130 პროპორციული და 20 მაჟორიტარული მანდატი. გარდა ამისა, პარტია, რომელიც არჩევნებში ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.
„ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად. საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით“, - წერია დოკუმენტში.
მემორანდუმის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად იყოს აღქმული.
„ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, - წერია მემორანდუმში, რომელიც გაფორმდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.