logo
ENG



ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის III რაუნდი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს

06 დეკ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის III რაუნდი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის III რაუნდი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ლელოს ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების შუამდგომლობით შედგება.

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მამრთველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ.

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა