logo
ENG



ხერსონის ე.წ. ხელისუფლება: უკრაინის თავდასხმებს ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

21 ოქტ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/hwogn553fgyrc2b.jpeg

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ, ეკატერინა გუბარევამ განაცხადა, რომ ანტონოვკის ხიდზე უკრაინული თავდასხმის შედეგად ადგილობრივი ტელევიზიის სულ მცირე ორი წევრი დაიღუპა.

გუბარევა ჟურნალისტების ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ

"ასე გამოიყურება ჩვენი Tavria TV ჯგუფის მანქანა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ… გუნდიდან სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა."- წერს გუბერნევა. 

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული რუსი პროდიუსერი, ოლეგ კლოკოვია.

Unian-ის ინფორმაციით, ოლეგ კლოკოვი რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე მუშაობდა: "მოსკოვი 24", "პირველი არხი" და "რუსეთი დღეს". ოქტომბერში იგი ხერსონში ჩავიდა, რათა ოკუპანტებს პროპაგანდისტული არხის გაშვებაში დახმარებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლოკოვი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, იმყოფებოდა ჩეჩნეთის ორივე ომში და მუშაობდა კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, ფსევდონიმით "მიშა". ის ქმნიდა ინფორმაციას რუსული პროპაგანდისთვის.

* * *

ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდსა და გადასასვლელზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც, მათი ცნობით, 4 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედია აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით ხერსონის მიმართულებით 12  HIMARS რაკეტა ისროლეს, მათგან 1 ანტონოვსკის ხიდთან ახლოს დაეცა, რომელიც რამდენიმე თვეა დაზიანების გამო უფუნქციოა.

უკრაინული მედია კი აცხადებს, რომ ხერსონში არსებული ხიდი და გადასასვლელი 20 ოქტომბერს საღამოს რუსულმა ძალებმა დაბომბეს.


close დახურვა