logo
ENG



ხერსონის ე.წ ადმინისტრაცია: შესაძლო ზიანის შესამცირებლად ხაკოვკის ჰესიდან წყალს ვუშვებთ

22 ოქტ 202217:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/xfp1kwmwzgsgt6f.jpg

რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის თქმით, ხერსონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რეზერვუარიდან წყალს უშვებენ, რათა სადგურზე თავდასხმის შემთხვევაში შეამცირონ სავარაუდო ზიანი.

ლეონტიევის თქმით, ამ დროისთვის ჰიდროელექტროსადგური მუშაობას განაგრძობს. მათ წყლის გამოშვება გაზარდეს გასულ კვირაში.

„ჰიდროელექტროსადგური განაგრძობს მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ სამი ბლოკი გამოსულია წყობიდან. მას მუშაობა არ შეუწყვეტია 24 თებერვლის შემდეგ. წყლის გამოშვება გაიზარდა გასულ კვირაში, რათა მოვლენების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში იმ წყლის მოცულობა რაც [წყალსაცავიდან] გამოვა ნაკლები იყოს“ - განაცხადა ლეონტიევმა.

ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემთხვევაში, კახოვკას წყალსაცავმა, შესაძლოა, მდინარე დნეპრის მიმდებარე ტერიტორია დატბოროს, როგორც ხერსონში ასევე მეზობელ ტერიტორიებზე.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა ჰიდროელექტროსადგურსა და წყალსაცავზე თავდასხმას გეგმავს.

უკრაინის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა დანაღმა კახოვკას სადგური და მასზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს, რათა უკრაინას დააბრალოს და იმავდროულად ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას.

ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ"

მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.

„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.

ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.

უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.


close დახურვა