logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილი მზადაა, შერიგების შესახებ შეხვედრაში ნებისმიერ გარემოში ჩაერთოს

13 დეკ 202117:42
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეხვედრები ეკლესიაში გაიმართოს. 

საქმე ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებას ეხება, რომელიც მან დღეს, 13 დეკემბერს ქადაგების დროს გააკეთა. ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ "შერიგება, რაც ერთმანეთისთვის მოფრთხილებას ნიშნავს, ეკლესიაში უნდა გაიმართოს". მის ამ განცხადებაზე საპატრიარქოს პრესმდივანმა თქვა, რომ "ქადაგებები საპატრიარქოსთან არ თანხმდება". 

ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრისთვის ნებისმიერ გარემოში მზად არის. 

"მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს ეკლესიაში, საპატრიარქოში. თუმცა, მან არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ტექნიკური დეტალები, ვინაიდან ის არის დაპატიმრებული. არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს, გარდა მზაობისა. ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ გორის ჰოსპიტალი, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ სასაუბროდ იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი უკეთესი გახდეს". - თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა