დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატების გამართვა მოითხოვა. მის წინადადებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს - ფოტიგას ცნობით, დებატები ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.
"ყველა ჩვენგანს გვქონდა შესაძლებლობა, თბილისის სასამართლოში დისტანციურად ჩვენების მიცემის დროს, გვენახა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები და ფოტოები. ჩვენ ვნახეთ მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა.
ბევრ დოკუმენტში ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვითხოვეთ მისი ჰუმანიტარული გათავისუფლება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საზღვარგარეთ. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა. ძალიან გთხოვთ, რომ მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა ფოტიგამ.
სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ დებატების გამართვას ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.