პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ივანიშვილების ოჯახს გინების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.
რაც შეეხება წულაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ხვიჩიამ თქვა, რომ საქმეს ჯერჯერობით არ იცნობს და ამაზე ვერ ისაუბრეს.
"მე პირადად რაც მგონია სამართლიანი, არი ის, რომ ბატონმა გოგი წულაიამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს, ადამიანურად. რაც შეეხება ამ საქმეს, ვინმე მართლა დამნაშავეა თუ არა, საკმარისად არ ვიცნობ ჯერჯერობით ამ საქმეს. მოგვეცემა ამ საკითხზე საუბრის საშუალება სხვა დროსაც", - თქვა ხვიჩიამ.
ჟურნალისტების კითხვას - რატომ უნდა მოუხადოს ბოდიში წულაიამ ივანიშვილებს, ხვიჩიამ ასე უპასუხა: "ცუდი ქცევისთვის. ბევრი რამ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში მაგრამ მას ჩვენ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ".
გოგი წულაია პოლიციამ 17 მარტს დააკავა. შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
თავად წულაია ამბობს, რომ უდანაშაულოა და პროვოკაცია მოუწყვეს. ის მომხდარს მის მიერ ბერა ივანიშვილის საჯაროდ გინებას უკავშირებს.
გოგი წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
19 მარტს წულაიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.