გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაიჭერენ, მოლაპარაკებები ჩაიშლება. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, სასამართლოს მიმართავენ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე.
ხვიჩია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ მელიას დაჭერის შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს.
"ჩაიშლება მოლაპარაკების პროცესი, აზრი არ ექნება მოლაპარაკებას, თუ მელია ციხეში [იქნება]. ნიკა მელიას თუ დაიჭერ და ციხეში ჩასვამ, რა მოლაპარაკება უნდა გააგრძელო?" - თქვა ხვიჩიამ.
წამყვანის კითხვაზე, მელიას დაკავების შემთხვევაში პარლამენტის მანდატებს თუ გამოითხოვენ, ხვიჩია პასუხობს, რომ რაღაც პერიოდში ისედაც მოუწევთ მანდატებზე უარის თქმა, რადგან მოლაპარაკებები ჩაიშლება.
"[დაკავება] მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველია. გასაგები იქნება, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ არ უნდა ქართულ ოცნებას და ჩაჭრა ბოლომდე გზები", - ამბობს ხვიჩია.
კითხვაზე, თუ ქართული ოცნება მელიას დაჭერის პარალელურად ბუნებრივი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემას შესთავაზებს, ხვიჩიას თქმით, ეს ცინიკური იქნება.
"თუ მელიას დაიჭერენ, ყველა ადამიანს, რომელიც მე უნდა დავარწმუნო, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩემთან არგუმენტი ექნება, რომ სად შემოვიდე, კაცი დაიჭირეს, ამორალური იქნება", - აცხადებს ხვიჩია და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება იქნება ამ პროცესში კონსტრუქციული".
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.