logo
ENG



ხვიჩია: საჯარო ან სამართლებრივ სივრცეში სქესის ნიშნით ჩაგვრა არცერთხელ დადასტურებულა

02 სექ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
2dggfdp4tt7ussa.jpg

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისთვის უცნობია ერთი შემთხვევაც კი, როცა საჯარო და სამართლებრივ სივრცეებში ქალები სქესის ნიშნით დაჩაგრეს. 

ხვიჩიასთვის ეს არის გენდერული კვოტირების ერთ-ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სწორედ გირჩის სარჩელს განიხილავენ. პარტია მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიაში სავალდებულო გენდერული კვოტირება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომლითაც საარჩევნო უფლება არის გარანტირებული. 

ხვიჩიამ სარჩელის წარდგენისას თქვა: 

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ირჩევს მეათე მოწვევის პარლამენტს. გვყოლია უამრავი კვალიფიციური პოლიტიკოსი ქალბატონი, მათ შორის, ამ დარბაზშიც. ორჯერ გვყავდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი, ახლა პრეზიდენტი ქალბატონია ამ ქვეყანაში.

გვყავდა და დღესაც გვყავს ბევრი პოლიტიკოსი ქალბატონი მინისტრებად და მინისტრის მოადგილეებად. გვყავს კომიტეტის თავმჯდომარეები და მინისტრის მოადგილეები. არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, როცა საჯარო ან სამართლებრივ სივრცეში დადასტურდა, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ სქესის ნიშნით. ასეთი მაგალითი ჩემთვის უცნობია. 

ჩვენ, პოლიტიკოსი კაცები, ამ თვალსაზრისით, ცუდად არ ვიქცევით, როგორც ჩანს. ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, პოლიტიკოსისთვის, მამაკაცისთვის, შეურაცხმყოფელია, როდესაც ჩემგან იცავენ პოლიტიკოს ქალბატონებს. მეუბნებიან, რომ ესენი ჩაგვრას განიცდიან რაღაც თვალსაზრისით და ამიტომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ჩაგვრა დაძლიონ. მჩაგვრელები ამ პროფესიაში გამოვდივართ მამაკაცი პოლიტიკოსები. ამისი არც ერთი მაგალითი პრაქტიკაში არ გვაქვს. ასეთი სიტუაციაში პარლამენტი აცხადებს, რომ სავალდებულოა სიაში ყოველი მეოთხე იყოს ქალი". 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ეს ნორმა 2024 წლის ჩათვლით არჩევნებზე მოქმედებს, 2028 წლიდან კი პარტიებმა საარჩევნო სიებში ყოველი მესამე უნდა ჩაწერონ განსხვავებული სქესის. ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე სიის ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. 

გირჩის გარდა, გენდერული კვოტების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტიც გეგმავს. 


close დახურვა