logo
ENG



ხვიჩია იმ პარტიებს, ვინც მის ომბუდსმენობას მხარს დაუჭერს, 2 მოადგილის დანიშვნას სთავაზობს

04 ნოე 202214:15
3 წუთის საკითხავი
 

ომბუდსმენობის კანდიდატი და პარტია გირჩის წევრი იაგო ხვიჩია იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, სახალხო დამცველის 2 მოადგილის არჩევის შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც მისი თქმით, ეს პარტიები საკუთარი პრიორიტეტების განხორციელებას შეძლებენ.

ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ომბუდსმენობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მას ესმის, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელია და პარლამენტის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, შესაძლოა, მისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ. 

ხვიჩიას თქმით, ის და მისი პარტია პოლიტიკურ კონსენსუსზე მიდიან და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ მოადგილეებს ხელს არ შეუშლის, მის პრიორიტეტებთან ერთად სხვა პოლიტიკური ძალების პრიორიტეტების განხორციელებაში.

„ჩვენ მივდივართ პოლიტიკურ კონსენსუსზე და ვთავაზობთ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მხარს დაგვიჭერს 2 მოადგილეს, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მათი პრიორიტეტების განხორციელება დაიწყონ ან გააგრძელონ, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციებში ისედაც შედის. მე ვეცდები, რომ ჩემი მოსაზრებები და პოზიციები გამოვთქვა ნებისმიერ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვაძლევ საშუალებას ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მე ნდობას გამომიცხადებს, ჩემს პრიორიტეტებთან ერთად განახორციელონ თავიანთი პრიორიტეტებიც იმ ადამიანების  მეშვეობით, ვისაც წარადგენენ ჩემს მოადგილეებად. მე მათ ხელს არ შევუშლი და პირიქით, მათთან მექნება აქტიური კომუნიკაცია იმ თემებთან დაკავშირებით სადაც მე გამაჩნია კომპეტენცია“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა მიმართ გაკეთებული შეფასებები გამოაქვეყნა.

9-კაციანი შეფასების ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.

სამუშაო ჯგუფის 9 წევრის მიერ კანდიდატებობის მსურველებისთვის მიცემული შეფასებების დაჯამებით ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი შეფასება - 321 ქულა ანა აბაშიძემ მიიღო, ნაზი ჯანეზაშვილმა - 288 ქულა, ნუგზარ კოხრეიძემ - 237, გიორგი ბურჯანაძემ კი 231 ქულა მიიღო.

სამუშაო ჯგუფის შეფასებები და მასალები ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინათ, რომლებმაც, მომავალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატად ყველა ადამიანი დაასახელეს, ვინც განაცხადი გააკეთა. 

საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დღეს მთავრდება. 

 

close დახურვა