logo
ENG



ხვიჩიას თქმით, გირჩი 26 მაისსა და 7 ნოემბერზე ამნისტიის კანონპროექტს მოამზადებს

21 მაი 202114:45
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩიას თქმით, გირჩი 26 მაისსა და 7 ნოემბერზე ამნისტიის კანონპროექტს მოამზადებს

გირჩი 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმეების ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადებას აპირებს. 

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, კანონპროექტს  პარლამენტში ორშაბათს შეიტანენ. 

მისი თქმით, უნდა "მოვაწესრიგოთ ის თარიღებიც, რომელიც ისევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი".

"ჩვენ გვინდა, რომ ისევე, როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ჩვენ ფაქტობრივად ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში. ასეთივე სულისკვეთებით უნდა მოვაწესრიგოთ ის თარიღებიც, რომელიც ასევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი", - ამბობს ხვიჩია. 

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.


close დახურვა