logo
ENG



ხიდაშელი: აცრაზე თანხმობა სიცოცხლის არჩევაა, ნუ გაწირავთ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის

12 აგვ 202123:42
3 წუთის საკითხავი
 
ხიდაშელი: აცრაზე თანხმობა სიცოცხლის არჩევაა, ნუ გაწირავთ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ის Facebook-ზე წერს, რომ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ, კვლავ ვირუსით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს ებრძვის და მოქალაქეებს მიმართავს, "ნუ გაწირავენ თავს მძიმე ხვედრისთვის".

"ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან …

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.

რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

ეხლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს. ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ:

- ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.

- ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.

- ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!", - წერს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელმა Covid-19 რამდენიმე თვის წინ რთულ ფორმებში გადაიტანა, დასჭირდა ჰოსპიტალიზაციაც.


close დახურვა