logo
ENG



ხიდაშელი მელაშვილის ბრალზე: პროკურორის განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს

07 ოქტ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
3qaljvm1050op7s.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფორმულასთან საუბარში  გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურორის ბრიფინგი კრიტიკას ვერ უძლებს.

ხიდაშელის თქმით, პროკურატურას არ აქვს დადგენილი დანაშაულის მოტივი და არც ის დადგა თუ არა ქვეყნისთვის მავნე შედეგი, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული არ არსებობს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი შემადგენელი და პროკურორის განცხადება - რასაც მე ვუსმინე პირდაპირ ეთერში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმედი მაქვს, რომ დოკუმენტურად უკეთესი მდგომარეობა აქვთ. მთავარ კითხვებზე არ არის პასუხი. იქ სადაც არ არსებობს მოტივი და დამდგარი მავნე შედეგი, დანაშაულიც არ არსებობს, ეს არის სისხლის სამართლებრივი ურთიერთობების ანა-ბანა", - აცხადებს ხიდაშელი.

მისი თქმით, გარეჯის საკითხი დღეს გაცილებით სენსიტიურია, ვიდრე სხვა პოლიტიკური მოტივებით აღძრული თემები, რადგან საქმე ეხება მეზობელ ქვეყანას, რომელიც ტერიტორიულ ომში იმყოფება.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავაგამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება. 

ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".

ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".

ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.


close დახურვა