კლუბ ხიდის დამფუძნებელი თამუნდა აქსანდერი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს შრომითი ინსპექცია კლუბში მივიდა და დალუქა, ხოლო დამფუძნებელს ამის შესახებ დალუქვის შემდეგ შეატყობინა.
"გუშინ ხალხის და ჟურნალისტების გამო შრომითი ინსპექცია წავიდა, დღეს მისულან და პოსტ ფაქტუმ დამირეკეს დაგილუქეთო, ყველანაირი მომსწრის გარეშე უკანონოდ დაგვილუქეს! შეკითხავზე რატომ არდამირეკეს მითხრეს რომ მირეკავდნენ, შემიძლია დავდო სქრინი 11:35 ზე დარეკეს ზარი ვერ გავიგე და 11:39 ზე გადაურეკე და დალუქილიაო.
ვიღაცას ინტერესები აქვს ხიდი-ს განადგურების ან ხელში ჩაგდების. ვერ მოგართმევთ ნამდვილად!" - წერს ფეისბუქზე კლუბ ხიდის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი.
შრომის ინსპექციამ ხიდი გუშინ დააჯარიმა, დალუქვის შესახებ ბრძანება გასცა და ხიდს გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად. გუშინ ხიდმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევდნენ, რომ კლუბის მუშაობა დაეშვათ.
ასევე, შრომის ინსპექციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მოუწოდებენ ღამის კლუბებს არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.
პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.
21 თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა. ღონისძიებას მხოლოდ ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე პირები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.