logo
ENG



ხმაური პარლამენტში და გავრილოვის ღამეს დაშავებული ადამიანები დაზარალებული სტატუსის გარეშე

28 ოქტ 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
7f9n38iha462j56.png

ხმაური იყო დღეს პარლამენტში -  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოძრაობის „სირცხვილია“ წევრები განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ არ მოხდა გავრილოვის ღამეს დაშავებული ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გამოძიების პროცესია, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა. „სირცხვილიას“ წევრები დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ცემის ფაქტითა და 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ.  

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ პირები, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ერთ ღამეში იქცნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილნი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ აქტივისტებს უპასუხა, რომ მათ კითხვას პროკურატურამ უკვე გასცა პასუხი. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შემდეგ სასამართლომ 20 ივნისს დაშავებულ 16 მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირი განხილვის საფუძველზე მიიღო. ძალოვანი უწყების მსგავსად, სასტიკი დარბევის მონაწილეების საქმეზე, სასამართლომაც მიიჩნია, რომ დანაშაული ჯერ გამოკვეთილი არ არის.  


close დახურვა