დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი კრემლის და ვლადიმერ ევტუშენკოვის დავალებების პირდაპირი შემსრულებელია სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. ამით ხოშტარია გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ ხიდაშელისა და ევტუშენკოვის კავშირზე ისაუბრა.
"ევტუშენკოვი, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო სისტემის ხელმძღვანელი, მასთან მმართველობაში 2007-2014 წლებში მუშაობდა დავით ხიდაშელი. ის იყო ევტუშენკოვის პარტნიორი, ხელმძღვანელობდა კონკრეტულად მის კომპანიას. ამის შემდეგ ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია ინტრაკომს, რომელსაც ხელმძღვანელობს ხიდაშელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევტუშენკოვმა ხიდაშელი მიავლინა საბერძნეთში სატელეკომუნიკაციო სისტემის სამართავად.
სწორედ ამ კომპანიას, 2011-2012 წლებში, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, აქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიასთან. კერძოდ, 2011-2012 წლებში მათ აწვდიან სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს. ანუ, კონკრეტულად იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომელიც ასადის რეჟიმს ეხმარებოდა ხალხის ჟლეტაში.
ანუ, დავით ხიდაშელს, რომელიც საქართველოში მიწებს ყიდულობს, იგებს ტენდერებს და არის სასათბურე პირობებში, ეს დავით ხიდაშელი არის პირდაპირი შემსრულებელი კრემლის დავალებების, კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, ევტუშენკოვის მხრიდან ხიდაშელი გამოიყენებოდა მსგავსი საკითხებისთვის"- განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე გამოძიება ჩატარებულია და ინფორმაცია დადასტურებულია.
"ჩვენ მივაწვდით საელჩოებსაც ამ ინფორმაციას. ეს არის გამოძიება, რომელიც ჩატარებულია ბალკანელების მიერ, არის აბსოლუტურად დადასტურებული, არის მიმოწერები, რომელიც ამას ადასტურებს და ჩვენ ვეცდებით რომ ივანიშვილთან ერთად ეს ჯგუფი, რომლებიც სისხლის მანქანების ამარაგებს, იყვნენ სანქცირებულები"- ამბობს ხოშტარია.
აუდიომასალა YouTube არხზე გავრცელდა, რომლის სახელწოდებაა "კიბერ კმარა."
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ასევე, ახსენებენ ვინმე დავითს, რომელიც, სავარაუდოდ, კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი დავით ხიდაშელია.