logo
ENG



ხოშტარია: ვაკის ოლქში იყო გაყალბებული ხელმოწერები, ეჭვია ე.წ სომხურ კარუსელზე

04 ნოე 202018:50
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ვაკის ოლქში იყო გაყალბებული ხელმოწერები, ეჭვია ე.წ სომხურ კარუსელზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია ვაკის ოლქში არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ლაპარაკობს. 

მისი თქმით, მხოლოდ ვაკეში, გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის, კარუსელები - ანუ ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა, გაყალბდა ოქმები და ხელმოწერები. 

ელენე ხოშტარიას და მისი შტაბის მიერ ვაკის ოლქში გამოვლენილი დარღვევები: 

გაბათილებული ბიულეტენები

საგანგაშოა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. ვაკის ოლქში არის 3989 ბათილი ბიულეტენი, რაც საშუალოდ უბანზე 50 ბათილ ბიულეტენს ნიშნავს. ჯამში გამოდის 7%. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი და სპეციალურად არ აწერდნენ ხელს ან არ ურტყამდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენებს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს და სპეციალურად აბათილებდნენ.

გაყალბებული ხელმოწერა

ჩვენი 2 წარმომადგენელი უარყოფს, რომ ფიზიკურად იყვნენ კონკრეტულ უბანზე და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი ოქმზე. მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდნენ კომისიას და უთხრეს, რომ ეს ხელმოწერები მათი არ არის, -პასუხად მიიღეს, რომ არ შეაწუხეს და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 

დაუბალანსებელი ოქმები

ვაკის ოლქში უბნების 76% დაუბალანსებელია. არის როგორც ნაკლებობა, ასევე მეტობა. ნაკლებობის რაოდენობა არის საგანგაშო. 299 ბიულეტენი არის გამქრალი. მათ შორის ერთი უბნიდან 10, 11, 12 ბიულეტენი არის გამქრალი. ეს აჩენს ე.წ სომხური კარუსელის სერიოზულ ეჭვს [როცა ამომრჩევლებს აძლევენ შემოხაზულ ბიულეტენს, უბნიდან კი გამოაქვთ იქ მიცემული ცარიელი ბიულეტენები]. 

5 უბანზე არის ბიულეტენების ჩაყრის ეჭვი. ეს არის დაუბალანსებელი ოქმების მეორე მიზეზი. 

ე.წ კარუსელი

ადამიანი, რომელიც მივიდა ჯერ მთაწმინდის ოლქში, ხოლო შემდეგ ვაკის ოლქში. იდენტიფიცირებულია ერთი და იგივე ადამიანი. ანუ კლასიკურ კარუსელსაც ჰქონდა ადგილი. 

* უკვე ბეჭედდარტყმულ ოქმზე ხელით არის გაკეთებული ჩასწორება. 

* ზოგ ოქმზე არ არის დასმული X-ები, რაც იძლევა საშუალებას, მერე რიცხვები სურვილისამებრ ჩაამატო

* გადასატანი ყუთი ერთ-ერთ უბანზე იყო დამალული ოთახში, სადაც არავინ იყო. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა