დროას ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ სანქციათა შესრულების წესში ცვლილებების შეტანაზე, რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.
მისი თქმით, სების საბჭოს წევრმა, ნათია თურნავამ მიღებული გადაწყვეტილებით "თავისი მომავლისთვის საფლავი გამოითხარა".
"თურნავა არის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც საფლავი გამოითხარა თავისი მომავლისთვის, თორემ, ბუნებრივია, მას არავინ არ ჰკითხავს. ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც დღეს უკვე ღიად რუსეთის აგენტის სასარგებლოდ ხალხს ეუბნება, რომ თქვენი შემოსავლები იქნება თუ საბანკო უსაფრთხოება, რაც ერთი ამ ქვეყანას გააჩნია, იმასაც დავანგრევთ, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რუსული ინსტრუქციები და რუსეთის კაცი", - ამბობს ის ფორმულასთან.
დღეს გამართულ ბრიფინზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადა თურნავას ამ პოსტზე წარდგენისთვის და თქვა, რომ ნანობს. გარდა ამისა, მისი თქმით, თურნავა უნდა გადადგეს, ხოლო სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.