ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ინფორმაცია ვლადიმერ პოზნერის ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ მასპინძელთა წრიდან ჰქონდა.
ელენე ხოშტარიას განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე. მოძრაობა დროას ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ვერ შეძლო სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
„კობახიძეზე დროის დახარჯვას არ ვაპირებ, მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა მას. ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ადამიანების გაშავება და დამუნათება, ვინც მასპინძლობდა. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე არგუმენტებით, რომ პრობლემა იქნება ამ კაცის შემოშვება. კონტექსტი იყო ნათელი - დაბადების დღის გადასახდელად, მთელი თვითმფრინავით რომ ჩამოდიხარ, სასტუმროს ნომერში დაჯდომას არ აპირებ. მივმართეთ, არ შემოუშვათ, კანონიც მივუთითეთ, ჰქონდათ საშუალება, არ შემოეშვათ. როცა მთავრობა არ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ირაკლი კობახიძე ცოტა ხნით ადრე გამოეხმაურა პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას და განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა, საიდან იგებს ელენე ხოშტარია ინფორმაციას რუსეთიდან ჩამოსული პირების შესახებ. მან, ასევე, განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები ელენე ხოშტარიას რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ.
რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.
იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.
ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა.
ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.
პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.
სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა.
აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო.
პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.
სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ.
შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".