დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას შეუერთდება.
მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის პატიმრობა სცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს.
ფორმულას ეთერში ხოშტარიამ თქვა, რომ მისი კრიტიკული შეფასებები მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ უცვლელი რჩება. ასევე, მიაჩნია, რომ არც ერთი ხელისუფალი არ არის ხელშეუხებელი და სამართლებრივი კითხვები უნდა დაისვას. თუმცა როგორც ხოშტარია ამბობს, იმას, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სიმართლის დადგენასთან საერთო არაფერი აქვს.
"სააკაშვილის პატიმრობა სცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. ეს არის უსამართლობა.
ავიღოთ გირგვლიანის საქმე - უმძიმესი საქმეა და მას ამ საქმეზე აქვს განაჩენი. გირგვლიანის საქმის მოქმედი პირები არიან ქართული ოცნების წამყვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები. მეგის ქარდავას მოადგილე არის ქართული ოცნების კანდიდატი ბათუმში [არჩილ ჩიქოვანი].
ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს სასამართლო. ლაპარაკი სასამართლო პროცესზე არის აბსურდი.
როცა პრეზიდენტის მიმართ იწყება დევნა, უნდა იყო ძალიან ყურადღებით, იმიტომ, რომ ინტერესი არის მაღალი, იმიტომ, რომ რევანში ჩვენს ქვეყანაში არის მიღებული ფორმა.
ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ამ სისტემაში უნდა დაიცვა". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
აქციას ოპოზიციური პარტიებიდან არ უერთდებიან ლელო, ევროპული საქართველო და რესპუბლიკელები. სამივე პარტია სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, მათი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარს პარტიულობის გამო ამბობენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა.
სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.