logo
ENG



ხოშტარია ლაზარეს შეწყალებაზე: დიდი შვებაა, საერთო საქმისთვის ადამიანი უსამართლოდ ისჯებოდა

13 აპრ 202400:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/bch6ghsiltw0ti5.jpg

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ  დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ის ამბობს, რომ შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.

ელენე ხოშტარიას თქმით, ლაზარე გრიგორიადისი საერთო საქმისთვის უსამართლოდ ისჯებოდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა კონკრეტულ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, "ვინ რა ქულას ჩაიწერს, ან მას როგორ დაემუქრება".

"ემოციურად ძალიან დიდი შვებაა, იმიტომ, რომ შეუძლებელია, მშვიდად გეძინოს, როდესაც იცი, რომ ამ საერთო საქმისთვის, იმისთვის, რომ ეს ევროპული დღის წესრიგი იყოს, იმისთვის, რომ უსამართლო ქვეყანა არ იყო, იმისთვის, რომ უბედურებები არ ხდებოდეს, რაც ხდება, ერთი კონკრეტული ადამიანი ისჯება. ისჯება ძალიან უსამართლოდ, რაც მთავარია, ლაზარეს შემართება, რაც ციხიდან ჰქონდა ბოლო მომენტამდე, კიდევ უფრო მამძიმებდა იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, რომ ჩვენ რაღაც ნორმალურად, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ. პოლიტიკაზეც არ არის, უბრალოდ, მართლა ძალიან მძიმეა, რომ ის ჰყავდათ დამწყვდეული.

მუშაობს ის ინსტიტუტი, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. ვიღაცისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, ვიღაცას ასეთი დამოკიდებულება აქვს, ვიღაცას ისეთი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა ამ კონკრეტულ მომენტში ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, მართლა ვინ რა ქულას ჩაიწერს, როგორ დაემუქრება და ა.შ. რა ფორმითაც მან ეს გააკეთა, მათ შორის არ ალოდინა, არ აწვალა, პოლიტიკური კონიუნქტურა არ შექმნა ამ ამბისგან", - თქვა ხოშტარიამ ფორმულასთან საუბრისას.

დღეს 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა