ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინიციატივით, მსურველებს შეუძლიათ, დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამამხნევებელი წერილები ციხეში გაუგზავნონ. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:
"ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბ-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.
წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე: ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალური დაწესებულება.
თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი, გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ, გავაგზავნი თქვენი სახელით".
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ღალატი ის არის, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.
"არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის", - თქვა მან.
დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.