სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შემდეგ პროკურატურაში პოლიტიკოსები დაიბარეს.
მათ შორის არის დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.
თუმცა, ის ფაილებთან დაკავშირებით არც პროკურატურაში და არც სასამართლოში მისვლას არ აპირებს და თავად გეგმავს დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
სუს-დან გაჟონილი ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიასაც უსმენდნენ, მათ შორის მის საუბრებს თავისი ოჯახის წევრებთან.
"აინტერესებდათ, ავთენტურია თუ არა ის ეპიზოდები, რაც მე მიკავშირდება. მე, ცხადია, ვუთხარი, რომ ამ პროკურატურის და სასამართლოს ნდობა არ მაქვს, იმ სასამართლოსი, რომლითაც დამემუქრნენ. მე ვუთხარი და ახლაც საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ საკითხზე არც პროკურატურაში და არც სასამართლოში არ მივალ. პირიქით, მათ მოუწევთ სასამართლოში პასუხების გაცემა. პირიქით, მე ვაპირებ სტრასბურგში დავას. ამოცანაა, რომ სახელმწიფომ პასუხი აგოს იმ ბოროტებაზე, რაც ჩაიდინა". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
პარტია ლელო კი ინიციატივით გამოდის და პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ხელმძღვანელის - გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას, ასევე ჩანაწერების განადგურებას ითხოვს.
"ის, რაც ხდება - ტოტალური მოსმენა, არ არის მარტო ჩვენი შიდა საკითხი. იცით, რომ თურმე ელჩებსაც უსმენდნენ. ეს არის საერთაშორისო სკანდალი. ამიტომ, სანამ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა, სასწრაფოდ საჭიროა, გაირკვეს, ვინ, რატომ დახარჯა ბიუჯეტის თანხა, ამხელა რესურსი იმისთვის, რომ შემდეგ ეს ადამიანების დასაშანტაჟებლად გამოეყენებინა". - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფაილების განადგურებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის უკვე ბევრ ადამიანს ჩაუვარდა ხელში, ამასთან, ფაილების განადგურება სიმულაცია იქნება.
"ჩვეულებრივი, ნორმალური ვითარება რომ გვქონდეს ნორმალურთან მიახლოებული პარლამენტით, ეს აუცილებელი იქნებოდა და მხოლოდ მომხრე ვიქნებოდი ამისი. მაგრამ ახლა ეს იქცევა სიმულაციად, თითქოს რაღაც ინსტიტუტები მუშაობს. ჩვენ ახლა ამოცანა გვაქვს - 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.
***
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.