დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დიმიტრი ხუნდაძის განცხადება მმართველი გუნდის პოზიციაა.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს.
"ქართული ოცნების პოზიციის ძალიან მარტივი ლუსტრაციაა. მე არც გამკვირვებია იმიტომ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს პრეტენზია ქართული ოცნების მიმართ, რომ მათ რეალურად ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. ეს არის ძალა, რომელიც პირიქით გვაახლოებს რუსეთს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პანიკურ მდგომარეობაში ეს ლუსტრაცია ხდება და საზოგადოებას აქვს საშუალება, შეაფასოს რა ფასი გვიჯდება ჩვენ ქართული ოცნების ოლიგარქიული მმართველობა"- თქვა ხოშტარიამ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს "უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს", ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას.
დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების სწორედ ის ე.წ. ამბოხებული დეპუტატია, რომლის მეშვეობით მმართველმა გუნდმა 2019 წელს ჩააგდო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მღელვარების შემდეგ საზოგადოებას სწორედ ასეთ სისტემას დაჰპირდა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.