logo
ENG



ხოჯევანიშვილი: შეთანხმება არაა იდეალური, იძლევა შტურმის ამნისტიის შესაძლებლობას

27 აპრ 202112:28
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტს აკრიტიკებს. 

მის უკმაყოფილებასაც ამნისტიის კანონი იწვევს, თუმცა, იმ კუთხით, რომ მისი მტკიცებით, რომ შესაძლოა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2019 წლის 20 ივნისს "პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი მიიტანეს". 

"როცა ჩვენ, გახარიას გუნდის წევრებმა ღიად ვთქვით, რომ ეს არ იყო იდეალური შეთანხმება, ვგულისხმობდით შეთანხმების იმ ნაწილსაც, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებდა კონკრეტულ კრიმინალურ საქმეზე სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის შეწყალებას, მეორე მხრივ კი 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის კრიმინალურ საქმეზე ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას. 

არავინ დაობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა, ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებულის მიმართ კანონის აღსრულების პროცესში ქართული ოცნების გაუაზრებელმა ქმედებამ ეს თემა აქცია ჯერ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, შემდეგ კი თავსმოხვეული ამნისტიით იქმნება ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი. ფასი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის, ძალიან მაღალია". - თქვა ხოჯევანშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა. 

შენობაში შესვლა მათ საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიათ.

შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "ბიძინას მონა". 

აქციის მონაწილეებს შორის არიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებიც. 

ისინი აპროტესტებენ ამნისტიის კანონს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალსიწინებული და რომლის მიხედვითაც, შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია იმ პოლიციელებს, რომლებიც გავრილოვის ღამეს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, ასევე, ბრძანების გამცემ პირებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არ შეეხება კონვენციურ მუხლებს. 

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იყო. მათი ნაწილი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შედის. 

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გადამეტებით დაშალეს, შს მინისტრი გიორგი გახარია იყო. მაშინ მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ის დააწინაურა და პრემიერმინისტრად დანიშნა. 

გახარიამ პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, 14 აპრილს კი პარლამენტში გახარიას გუნდმა მმართველი აპრტია დატოვა


close დახურვა