ინფექციური საავადმყოფოს პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი ხუთი პაციენტიდან სამი შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტი, ხოლო ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი.
„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი ჩვენს ცენტრშია. ერთი არის ევროპიდან, მეორე კი ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი. ერთ-ერთი მათგანი არის ბავშვი, მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ხუთი ბავშვი გვყავს და მათი მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. დანარჩენი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან. როგორც ვიცი, ერთ-ერთი არის კონტაქტი, ორი კი შემოტანილი. გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ხანშიშესული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.
„ასაკოვან ქალბატონთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია - მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ველოდებით ჯერ-ჯერობით მისი ასაკისა და სხვა დაავადების გამო. ამ ეტაპზე ყველაფერი ნორმალურად მიდის", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით კი ეზუგბაია ამბობს, რომ რადგანაც ამ ეტაპზე შიდაგადაცემაზე არაა საუბარი, შესაძლო ინფიცირებულად ითვლება მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე ან ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ადამიანი. მისივე თქმით, წელიწადის ამ დროს ბევრი სეზონური ვირუსია გავრცელებული და არაა გამორიცხული, მოქალაქეები რომელიმე ამ ვირუსით გახდნენ ავად.
„რეკომენდაციები არ შეცვლილა - შიდაგადაცემაზე არაა ჯერ საუბარი. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ გვაქვს. მოგზაურობის ისტორია ვისაც აქვს - ცხელება და რესპირატორული გამოვლინებები თუკი ფიქსირდება ან ინფიცირებულთან კონტაქტი, ასეთი პირები განიხილებიან. კორონავირუსის გარდა, არის კიდევ ბევრი სეზონური ვირუსი, ამიტომ მოქალაქეები შეიძლება გახდნენ ავად ნებისმიერი ამ ვირუსით", - ამბობს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება - აქედან 3 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.