logo
ENG



ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიის ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართა

11 დეკ 202016:48
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/lvd4sba4rk7fugp.png

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკოს უკვე მიმართეს, მათ შორის არიან:

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია;
  2. სტრატეგია აღმაშენებელი;
  3. ევროპული საქართველო;
  4. ლელო;
  5. ლეიბორისტული პარტია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3-დღიანი ვადა აქვს, რათა განაცხადები განიხილოს. ამის შემდეგ დეპუტატებმა უნდა მიმართონ პარლამენტს მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ცესკოში დღეს არ მივიდნენ გირჩის, პარტია მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. 

"სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა.

დღეს შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში, დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად მვიიღეთ ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლდიერმა სერგო ჩიხლაძემ.

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. პარლამენტში პირველ სხდომაზე მხოლოდ ქართული ოცნების წევრები იმყოფებიან.

მოქალაქეების გარდა ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია მანდატების გაუქმებასა და სიის დახურვაზე პარლამენტს 14 დეკემბერს მიმართავს. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

მოლაპარაკებების 4 რაუნდის გამართვის შემდეგ, პარტიების უმეტესობას მიაჩნია, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუმცა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

პროტესტის დემონსტრირებისთვის დღეს, ერთპარტიული პარლამენტის პირველად შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მანდატების გაუქმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. 


close დახურვა