logo
ENG



ხუნდაძე სააკაშვილზე: მისი მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო

19 ნოე 202102:42
3 წუთის საკითხავი
clock 1053
ხუნდაძე სააკაშვილზე: მისი მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა "კატასტროფული" არაა, თუმცა "საყურადღებოა". ხუნდაძემ გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შიმშილობის არშეწყვეტის შემთხვევაში რისკები იზრდება. 

"ამ წუთას მისი მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო. მისი საყურადღებოობა შიმშილობის არშეწყვეტის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შესაძლოა, ავიდეს და რისკები იზრდება. რისკების დაზღვევის მიზნით ჩვენ არცერთი მომსახურებისგან თავს არ შევიკავებთ, ეს იქნება ადგილზე მომსახურეობა, თუ საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა" - ამბობს ხუნდაძე. 

18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. 

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას. 

"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა. 

 


close დახურვა