ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
როგორც ხუხაშვილმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, შეთანხმების პირობები 40%-იანი მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, ერთპიროვნულ მმართველობას გამორიცხავს.
„ვფიქრობ, რომ შეთანხმება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ სისტემასთან. პრინციპში, ეს შეთანხმების პირობები პრაქტიკულად გამორიცხავს პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, თუ მას არ აქვს 40%-იანი მხარდაჭერა. თუ პარტიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაშინ უნდა მართოს კიდეც. კარგი იქნებოდა, რომ პროპორციულზე გავჩერებულიყავით, პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რადგან რაც მოხდა, ბუნებრივია ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა რასაც ჰქვია და ესეთი მოცემულობა მივიღეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი დოკუმენტი საარჩევნო სისტემას, მეორე კი - მართლმსაჯულებას. 2020 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატები 120/30-ზე პროპორციით გადანაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პარტიული, 30 კი მაჟორიტარული სიით შევა.