logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდება

10 აპრ 202309:16
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. რამდენიმე საათში მედპერსონალის საინიციატივო ჯგუფის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდება, რომელმაც მათ ახალი კლინიკის კლინიკის კონცეფცია უნდა გააცნოს.

ექიმები აპირებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს საკუთარი მოთხოვნები გააცნონ.

შეხვედრის პარალელურად რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქცია გაგრძელდება.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

4 აპრილს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ ფორმულას უთხრა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძე პასუხობს: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლაშა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გამოკითხვის დეტალები არ იცის.


close დახურვა