logo
ENG



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო

26 მაი 202223:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/6m9iniy5sd6jfw4.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმა დაგმო.

რეზოლუცია აშშ-მ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა დააყენეს და მას მხარი 88 ქვეყანამ დაუჭირა. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი 12 ქვეყანა იყო, 53-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დასავლეთმა ასამბლეაზე მეორე საკითხიც დააყენა - ისინი გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვდნენ, თუმცა ამ რეზოლუციამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდერ ალიმოვმა დასავლეთის რეზოლუციას პოლიტიზებული და მიკერძოებული უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზაციით მანიპულაცია დაუშვებელია.

ამავე ასამბლეაზე რუსეთმა სირიასთან ერთად დააყენა ალტერნატიული რეზოლუცია, სადაც უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ კრიზისში რუსეთის როლი და პასუხისმგებლობა ნახსენები არ იყო. რუსეთის რეზოლუციას ჯანმომ მხარი არ დაუჭირა.

„შედეგები რუსეთის ფედერაციას მკაფიო სიგნალს უგზავნის: შეაჩერეთ თქვენი ომი უკრაინის წინააღმდეგ, შეწყვიტეთ საავადმყოფოებზე თავდასხმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯანდაცვის კუთხით კრიზისის პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კისერზეა“ - განაცხადა გაეროში უკრაინის ელჩმა იევჰენია ფილიპენკომ.

ჯანმოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯანდაცვის დაწესებულებებზე, ტრანსპორტზე, პერსონალზე, პაციენტებზე, მარაგებსა და საწყობებზე 256 თავდასხმა განხორციელდა.


close დახურვა