logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში ეპილეფსიის პრეპარატის ხელოვნურ დეფიციტზე საუბრობს

20 ივლ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/cevd2kwdcj1w3sj.jpg

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ "მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა".

საუბარია მედიკამენტზე "დეპაკინი ხრონო", რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა, რომ "დეპაკინი ხრონო" (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

"მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.


close დახურვა