logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ 20 ათას ტესტს შეისყიდის

17 მარ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის 20 ათას ტესტს შეისყიდის. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ეს არ იქნება მასობრივი - შემოწმდებიან მხოლოდ საეჭვო შემთხვევები.

„ამჟამად ჩვენს მარაგში არის 3000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 ათასამდე ტესტი. დღეს ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა იმის, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა იქნას ტესტირებული. ამ სიტუაციის აღსაწერად არაა სწორი მასობრივის გამოყენება - ტესტირება ჩაუტარდება ყველას, ვისზეც იარსებებს ეჭვები", - აცხადებს გაბუნია.

მთავრობის კანცელარიაში გუბერნატორებთან შეხვედრებზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყველა იმ რეკომენდაციის რეგიონალურ დონეზე აღსრულება განიხილეს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. მთავარი თემა ტრანსპორტირება იყო. 

„ე.წ. მარშუტკების მოძრაობა აიკრძალება, შეიზღუდება თავშეყრის ადგილებში თავშეყრა და დაიხურება ასეთი ობიექტები - ისინი იმუშავებენ გატანაზე. შეიზღუდება ყველა იმ ობიექტის მუშაობა, სადაც შეიძლება  ადამიანთა თავშეყრა",- აცხადებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

იმერეთის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც ამბობს, რომ რეგიონებიც უნდა გადაეწყონ ახალ რეალობაზე და რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები უნდა იყვნენ იზოლირებულნი - ხოლო ყველა ის სერვისი, რასაც ისინი იღებდნენ, ბინაზე უნდა მიეწოდოთ.

„უნდა გადავეწყოთ აბსოლუტურად სხვა რეალობაზე - ეს არის ამ შემთხვევაში მიკროავტობუსებით გადაადგილების აკრძალვა და მოსახლეობის თვითიზოლაციაში ყოფნა, განსაკუთრებით რისკჯგუფებისა. უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ ხალხმა ყველა სერვისი მიიღოს სახლში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ, იმერეთის რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 34 ადამიანია ინფიცირებული - კარანტინში კი 1008 ადამიანია.


close დახურვა