იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტის ბოლო განცხადებებს ეხმაურება და სთავაზობს ღიად ისაუბროს საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნაზე. მისი თქმით, ღვამიჩავას აქვს ნათესაური კავშირი მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთ ლიდერთან.
ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქის საჯარო პოსტით სალომე ზურაბიშვილს კითხვებით მიმართავს: "რატომ გააკეთა მასზე [თამარ ღვამიჩავაზე] არჩევანი? ვინ დაუკავშირდა და სთხოვა თამარ ღვამიჩავას საბჭოს წევრად დანიშვნა? და როგორ წარიმართა ეს პროცესი"?
მისი თქმით, ეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
"2020 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.
ღვამიჩავას აქვს ნათესაური კავშირი მოსამართლეთა "კლანის" ერთ-ერთ ლიდერთან, როგორც მათ ეს მოგვიანებით დაადასტურეს კიდეც შემდეგი სიტყვებით - ჰყავთ "საერთო წინაპარი".
ღვამიჩავას დღეს აქვს გადამწყვეტი, მე-10 ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დახმარებით აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია საბჭოს - მოსამართლეთა დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენა, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ." - წერს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქის გვერდზე.