იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო ხვალ, 17 ივნისს, კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ.
მისივე თქმით, ხვალ 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას: 9 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 - ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 - ქვედა ინსტანციაში გადაყვანა", - წერს ჯანეზაშვილი.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა, ხვალ წყდება საქართველოს დემოკრატიის ბედი.
"ხვალ მართლა წყდება ამ ქვეყნის დემოკრატიის ბედი იმიტომ, რომ საუბარია 100-ზე მეტ ვაკანსიაზე და საბოლოო ჯამში, შეიძლება, რომ ამით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ დასამარდეს იდეა, რომ ამ ქვეყანაში გარედან შემოვლენ კარგი, ღირსეული მოსამართლეები", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
როგორც მან თქვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა, ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს.
"საბოლოოდ, ყველაფერი მიდის იქამდე, რა ინტერესები აქვს ხელისუფლებას და რა ინტერესები აქვს სასამართლოს. გარედან ჩარევამ და შიგნიდან ჩემმა აქტიურობამ საბოლოო ჯამში, მაინც არ შეცვალა ის, რომ კლანი დაშლილიყო ან შესუსტებულიყო", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.
აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.