სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა თავის კანდიდატურას არ ხსნის.
ჯანეზაშვილის თქმით, ეს პროცესი არის "ერთგვარი შოუ, სპექტაკლი", რის გამოც არ აპირებს პარლამენტში მისვლას და "დეპუტატების ახსნა-განმარტებებისთვის" პასუხის გაცემას.
"თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი, თუმცა სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად, შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსებული სახალხო დამცველი.
პირველი საკითხი ეხება იმ ახსნა-განმარტებების მოთხოვნას, რომელიც არის კანდიდატებთან მიმართებაში, წარსულში გამოთქმული მოსაზრებების და ხელისუფლებასთან მიმართებაში კრიტიკული მოსაზრებების გამო ხელისუფლებასთან მიმართებაში და ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება იმას, რეალურად გასაუბრების საფუძველზე მოხდეს კანდიდატის შერჩევა და მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ, გადავწყვიტე არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა. მინდა განვმარტო, რომ კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა პარლამენტმა, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგმება და გავცე მათ ახსნა-განმარტებებს პასუხი", - ამბობს ჯანეზაშვილი.