ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს, რომ ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერულ დოზებზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ვაქცინის მიწოდება შესაძლებელი იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.
"მესმის, რომ მთავრობები ცდილობენ თავიანთი მოსახლეობა დელტა შტამისგან დაიცვან. მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ვაქცინის გლობალური მომარაგების დიდი ნაწილი, კიდევ უფრო მეტს იყენებენ", - ამბობს ჯანმოს დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში უკვე ვაქცინის 4 მილიარდი დოზა გაიცა, მათგან 80 პროცენტი კი საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს
როგორც ის განმარტავს, მაისში მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 მოსახლეზე 50 დოზა გაკეთდა და მას შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა, როცა დაბალი შემოსავლის ქვეყნებში 100 მოსახლეზე 1,5 დოზა ვაქცინა მოდის. გებრეისუსი ამბობს, რომ ვაქცინების დიდი ნაწილი ახლა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე უნდა იყოს მიმართული.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს და მათ შორის დელტა შტამი ლიდერობს. პანდემიის შესაკავებლად რამდენიმე ქვეყანამ მოსახლეობისთვის მესამე ე.წ. ბუსტერული დოზის შეთავაზება დაიწყო.